პროფიტროლი ანუ მინი შუ


დაგვჭირდება: 
250 მლ წყალი
მწიკვი მარილი
75 გრ კარაქი
150 გრ ფქვილი
4-5 კვერცხი





პირველ რიგში კარგად გავახუროთ ღუმელი.
საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი და კარაქი, ჩავამატოთ მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. წამოვადუღოთ. მდუღარე კარაქიან წყალში ჩავყაროთ ფქვილი, დავუწიოთ ცეცხლი და ვურიოთ, სანამ ცომი არ მოიხარშება და ქვაბის ბოლოდან მოცილებას არ დაიწყებს. გადმოვდგათ ქვაბი ცეცხლიდან და დაახლოებით 5-7 წუთი გავაჩეროთ, ოდანვ რომ შეგრილდეს. ჯერ კიდევ ცხელ ცომში სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხები და ენერგიულად გადავურიოთ, ცხელმა ცომმა კვერცხის მოხარშვა რომ ვერ მოასწროს. ამისთვის, მიქსერის გამოყენება ჯობია. მოკლედ, ჩავახლით ერთ კვერცხს, ვთქვიფავთ მანამ, სანამ ცომი და კვერცხი ერთიანი მასა არ გახდება და მერე ვუმატებთ მეორე კვერცხს. ვთქიფავთ, ვამატებთ მესამეს და ბოლოს მეოთხეს. რის შემდეგაც, ცომის სისქის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, ჭირდება თუ არა მეხუთე კვერცხის დამატება. ცომი უნდა გამოვიდეს პრიალა და კოვზით რომ ამოვიღებთ, ფორმა უნდა ეჭიროს. თუმცა, უნდა იყოს საკმაოდ ნაზი.
ცომი ჩავასხათ საკონდიტრო ტომარაში. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის დაახლოებით 1 სმ დიამეტრის ბურთულები (საკონდიტრო ტომარა თუ არ გაქვთ, თამამად გამოიყენეთ სადესერტო კოვზი). შევდგათ გახურებულ ღუმელში საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. 15 წუთში ცეცხლი დავუწიოთ საშუალოზე ოდნავ დაბლა და ვაცხოთ, სანამ ჩვენი შუები ოქროსფრად არ დაიბრაწება.
გამოვიღოთ, გადავალაგოთ გრილ ლანგარზე და ოთახის ტემპერატურამდე რომ გაგრილდება დავტენოთ ჩვენთვის სასურველი კრემით, ნაყინით ან სულაც მოხარშული შესქელებული რძით, ზემოდან კი მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.

No comments:

Post a Comment